თამარ გაბუნია - იდენტიფიცირებულია დაახლოებით შვიდი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია პისიარ ტესტირების გავრცელება
თამარ გაბუნია - იდენტიფიცირებულია დაახლოებით შვიდი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია პისიარ ტესტირების გავრცელება

ლაბორატორიების მზაობის შეფასება მიმდინარეობს და დაახლოებით 7 ლაბორატორია არის უკვე იდენტიფიცირებული, სადაც შესაძლებელია ოქროს სტანდარტის, ანუ პისიარ ტესტირების გავრცელება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსის ტესტზე ფასი  დადგენილი არაა და აქ გარკვეული სამუშაო ჯერ შესასრულებელია.

„იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სწრაფ ტესტებზე, სწრაფი ტესტებისთვის ჩვენ ორგანიზებულად გავაკეთებთ იმ კლინიკების მობილიზებას და პერსონალის ტრენინგს, რომელიც უკვე ჩართულია ან ცხელების მიმართულებით , ან Covid-19–ის მართვისთვის. რაც შეეხება ფასის დადგენას, აქ არის გარკვეული სამუშაო შესასრულებელი, რადგან საბაზრო ფასის დადგენა ამ ეტაპზე რთულია, როგორც მოგეხსენებათ, ასე თავისუფლად, უბრალოდ, პროდუქტი არ არის ბაზარზე ხელმისაწვდომი. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნების მთავრობებთან, რათა ორგანიზებულად და ცენტრალიზებულად მოვახერხოთ ტესტების შემოტანა ქვეყანაში. ერთი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელმაც უკვე დაადგინა, რა ტესტი როდის შეიძლება გამოყენოთ, ეს არის ალგორითმი, რაც შეეხება უშუალოდ ტესტის ფასს, ჯერჯერობით ტესტების უდიდესი ნაწილი, რომელიც ქვეყანაში შემოდის არის ცენტრალიზებული შესყიდვის გზით. ერთეულია სხვა ლაბორატორია და ის მიმწოდებელი, რომელიც აქამდე აწარმოებდა ამ მოლაპარაკებას და შემოიტანა გარკვეული რაოდენობა ტესტები, მათთან მიმართებაშიც განისაზღვრება ფასი, თუმცა, ფასის დადგენისთვის გარკვეული ბაზრის ანალიზი მიმდინარეობს და უმოკლეს პერიოდში ეს ფასიც დადგინდება. მანამდე, ის ტესტები, რომლებიც ალგორითმით არის გათვალისწინებული და იქნება ჩატარებული ეპიდემიური ან სამედიცინო კლინიკური ჩვენებების მიხედვით, დაიფარება სერვისის ნაწილში, ანუ სახელმწიფო ამას დაფარავს“, – განაცხადა გაბუნიამ.