თამარ გაბუნია -  ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება, რომ „მოდერნასთვის“ დაგვეცადა იმ ვადის მანძილზე, რაც შეიძლებოდა მომწოდებელს შემოეთავაზებინა
თამარ გაბუნია - ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება, რომ „მოდერნასთვის“ დაგვეცადა იმ ვადის მანძილზე, რაც შეიძლებოდა მომწოდებელს შემოეთავაზებინა

„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვოვაქსის“ ვაქცინები ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. ამდენად, ამ მიმართულებით პროცესი დაწყებული გვაქვს. როგორც კი „კოვაქსი“ თავის მხრივ დაასრულებს მომწოდებლებთან შეთანხმებას და დაიწყებს განაწილებას, ჩვენც გვექნება ჩვენი დოზების მიღების შესაძლებლობა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

მისივე თქმით, სექტემბერ-ოქრომბრიდან შესაძლოა, ქვეყანამ „ნოვოვაქსის“ ვაქცინა მიიღოს. 

„ნოვოვაქსთან“ მიმართებით მოსალოდნელია, რომ დოზების მიღების შესაძლებლობა სექტემბერი-ოქრომბრის თვიდან იყოს. შედარებით ადრე შესაძლოა, მივიღოთ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, ამაზე „კოვაქსის“ პლატფორმასთან მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გადაცემაში სტუმრად ყოფნისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რატომ შეჩერდა მოლაპარაკებები „მოდერნას“ ვაქცინასთან მიმართებით. გაბუნიას განმარტებით, კომპანიისთვის უარის თქმის მიზეზი ვაქცინის მოწოდების ვადები გახდა.

„შესყიდვასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, ეფექტურობისა და ფასთან ერთად, ჩვენი გადაწყვეტილება ემყარება მოწოდების ვადებს. რაც მეტად სწრაფად მოგვაწვდის მომწოდებელი ვაქცინას, იმ ვაქცინაზე გაჩერდება არჩევანი. ამდენად, ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება, რომ „მოდერნასთვის“ დაგვეცადა იმ ვადის მანძილზე, რაც შეიძლებოდა მომწოდებელს შემოეთავაზებინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.