თამარ გაბუნია - ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინას ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული
თამარ გაბუნია - ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინას ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული

ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინას ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს.

„საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ჩინური წარმოების ვაქცინაა. ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მლნ.-ზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული „სინოფარმით“. კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს და ჩვენი მოლოდინი არის, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის.

დღეის მდგომარეობით, ვაქცინა ავტორიზებულია მკაცრი მარეგულირებლიდან, უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში.

ვაქცინის გამოყენება მოხდება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ისევე, როგორც ხდება სხვა ვაქცინების გამოყენება დღევანდელი მდგომარეობით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერზე“ მაქვს საუბარი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის ამოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინის შენახვას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები.

„ვაქცინა ინახება +2 და + 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში, რაც არის რუტინული რეჟიმი იმუნიზაციის პროგრამისთვის და ვაქცინაცია აპრილის მეორე ნახევრიდან, ვფიქრობთ, უკვე იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩართულია პროგრამაში. ეს ვაქცინაც ასევე შეუერთდება ჩვენი იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სხვა ვაქცინების სიას, რაც მოგვცემს ვაქცინაციის გეგმით განსაზღვრული სამიზნეების მიღწევის საშუალებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა დღეს ჩამოვიდა.