თამარ გაბუნია - ბათუმში არის კორონავირუსის ბევრი შემთხვევა, მაგრამ ადგილი არ აქვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, რაც კეთილსაიმედო სიმპტომია
თამარ გაბუნია - ბათუმში არის კორონავირუსის ბევრი შემთხვევა, მაგრამ ადგილი არ აქვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, რაც კეთილსაიმედო სიმპტომია

აჭარაში არსებული ეპიდსიტუაცია დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შეაფასა, რომელიც ბათუმში იმყოფება.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ სიტუაცია კონტროლირებადია. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დღეს შემთხვევების უმრავლესობა ბათუმზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდაფეთქება გარკვეულწილად ლოკალიზებულია.

„შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია გარკვეულწილად არის ლოკალიზებული და ლოკალიზებულის მართვა გაცილებით ადვილია. ბათუმში არის ბევრი შემთხვევა, მაგრამ ადგილი არ აქვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, რაც კეთილსაიმედო სიმპტომია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროცესის მართვა საერთაშორისო პრაქტიკის და პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

„მთავარი აქცენტი გადატანილია კლინიკების მართვაზე, მსუბუქი სიმპტომების პაციენტები კი ძირითადად მოთავსდებიან კოვიდსასტუმროებში. პარალელურად აჭარიდან დაიწყო ბინაზე მკურნალობის პროცესი და ამჟამად, რეგიონში 100-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე“, – აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სიტუაცია საქართველოს კვლავ ტოვებს მწვანე ზონის ქვეყნების სიაში. რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნახევარი მილიონი ტესტია ქვეყანაში შემოტანილი.

„ტესტების დიდი რაოდენობის გამოყენებას ზაფხულში ჰქონდა გამართლება, იმიტომ რომ საკურორტო სეზონის პერიოდში უნდა სცოდნოდა ყველა ტურისტს, როგორ ტოვებდა აჭარას და ამ მასობრივი ტესტირების შედეგი სახეზეა, ძირითადი შემთხვევები დარჩა აჭარაში“, – ამბობს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის განახლებას აჭარაში, გაბუნიას განცხადებით, ის დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო პირველ ოქტომბერთან დაკავშირებით ჯერ არ გადაიხედება.