თამარ გაბუნია - აქტიური შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას
თამარ გაბუნია - აქტიური შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა იყო თითქმის სტაბილურად 3000-მდე, რაც ბუნებრივია, ქმნის სერიოზულ ზემოქმედებას ჯანდაცვის სექტორზე. ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალურად მობილიზებული, ყოველდღიურად ერთვება დამატებითი საწოლფონდი, 6 800-მდეა უკვე მობილიზებული საწოლების რაოდენობა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ დამატებითი საწოლების მობილიზებაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქტიური შემთხვევების რაოდენობით, საქართველო გაუთანაბრდა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას.

„32 ათასს გადააჭარბა აქტიური შემთხვევების რიცხვმა. მათი დაახლოებით 25% სხვადასხვა რეგიონში ჰოსპიტალში რჩება. ასევე, ბინაზე მკურნალობს პაციენტების უდიდესი ნაწილი, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, იძლევა ამის საშუალებას. ნაწილი არის კოვიდსასტუმროებში და მათი მობილიზებაც ყოველდღიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ პერიოდში მაქსიმალურად აქტიურია ჰოსპიტალური სექტორის, კოვიდსასტუმროებისა და პირველადი ჯანდაცვის მობილიზაცია. პრაქტიკულად, ჩვენ უკვე კოვიდკლინიკად გადავაკეთეთ ყველა ის დაწესებულება, რომელიც პანდემიის პროცესში თავიდანვე იყვნენ კოვიდპაციენტების მიმღები. დაემატა კიდევ ახალი კლინიკები. რა თქმა უნდა, მათი დიდი ნაწილი არის კერძო კლინიკები, ასევე მაქსიმალურადაა მობილიზებული სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მმართველობაში არსებული სახელმწიფო კლინიკების ქსელი“, – განაცხადა გაბუნიამ.