თამარ გაბუნია - ამ კვირაში ამცრელი პუნქტების დამატებას ვგეგმავთ
თამარ გაბუნია - ამ კვირაში ამცრელი პუნქტების დამატებას ვგეგმავთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობა გაიზრდება.

„ვაქცინაციის ჩვენთვის სასურველი მაჩვენებელი დღევანდელ ეტაპზე უნდა იყოს სულ მცირე 3 000 მოქალაქის აცრა და შემდეგ, სექტემბრისთვის 5 000, 10 000, რათა წლის ბოლომდე მოვიცვათ მოსახლეობის 60 პროცენტი. მიმდინარე პერიოდში კარგია ის, რომ „სინოფარმზე“ აქტივობა მაღალია. ვგეგმავთ, კიდევ  დავამატოთ ცენტრები, რადგან აქამდე რაც გამოვყავით, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სრულად არის შევსებული. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება ამცრელი პუნქტები და შევუწყობთ ხელს ესენციურ სერვისებში დასაქმებულ პირებს, რომ მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ეს არის: პოლიცია, პედაგოგები, ტურიზმის სფეროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები. გუშინ 800-მდე ადამიანს ჩაუტარდა აცრა და 18 ათასამდე არის ჯავშანი“, – განაცხადა გაბუნიამ.

გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით გაბუნიამ აღნიშნა, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემთხვევაში, გვერდითი რეაქციების გამოვლენის შანსი ძალიან დაბალია.

„წინასწარი მონაცემებით, „სინოფარმს“ ძალიან დაბალი ალბათობა აქვს იმისა, რომ სერიოზული გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს. ტემპერატურის მცირე მომატება და ზოგადი სისუსტე არის ჩვეულებრივი გვერდითი რეაქცია, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ ვაქცინაზე დაფიქსირდეს, თუმცა ესეც შედარებით ნაკლებია „სინოფარმის“ შემთხვევაში. გუშინ ასეთი რეაქციები არ გამოვლენილა, ყოველ შემთხვევაში უნდა დავიცადოთ, შესაძლოა, იყოს მეორე დღის რეაქცია. ასეთი შემთხვევები, თუ იქნება, რა თქმა უნდა ჩვენ ვაწარმოებთ სტატისტიკას“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვოვაქსის“ ვაქცინების მიღებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ შესაძლებელია საქართველოში შემოვიდეს ორი გზით, ერთი -„კოვაქს პლატფორმა“, რომელიც გვპირდება, რომ უკვე მესამე კვარტლიდან შესაძლებელია, მივიღოთ და მეორე – გვაქვს კომუნიკაცია უშუალოდ კომპანიის ოფისთან ყაზახეთში, სადაც განიხილავენ ჩვენს ინტერესს და მოკლე დროში დაგვიკავშირდებიან კონკრეტული წინადადებით. „ნოვოვაქსთან“ მიმართებაშიც, მომდევნო კვირაში ჩანიშნულია ზარი „ნოვოვაქსის“ ამერიკის ცენტრალურ ოფისთან, რათა შევათანხმოთ ის პერსპექტივები, რაც შეიძლება პირდაპირი მოლაპარაკებების საშუალებით გვქონდეს. გარდა ამისა, „ნოვოვაქსი“ იქნება „კოვაქსპლატფორმაზე“ და უკვე ივლისიდან შესაძლებელია, შემოვიდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.