თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენის ტესტებით გამოკვლევა 300-მდე სამედიცინო დაწესებულებაში  ჩატარდება
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენის ტესტებით გამოკვლევა 300-მდე სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული კვლევა დღეიდან დაიწყო.

მისივე თქმით, ტესტირების გაფართოების მიზანი ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენაა.

„მინდა, მოგახსენოთ ტესტირების გაფართოებული პროგრამის შესახებ, რომელიც დღეიდან დაიწყო, ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულება, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ის დაწესებულებები, რომლებიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის ფარგლებში დღეიდან შეძლებენ ანტიგენით გაფართოებული ტესტირების დაწყებას სიმპტომური პირებისთვის, რომლებიც მოვლენ იქ ოჯახის ექიმის მიმართვით. ასევე, შესაძლოა, თვითდინებით მოსული პირების გამოკვლევაც, რაც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად გამოვავლინოთ ყველა შემთხვევა და ვურჩიოთ პაციენტს, დარჩეს სახლში რაც ასევე მოგვცემს საშუალებას, შეფერხდეს ინფექციის გავრცელება. ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია შეზღუდვების პერიოდში და ეს ინტერვენცია გაგრძელდება აქტიურად პირველ თებერვლამდე, რათა შემდეგ უკვე მივიღოთ ინფექციის სტაბილიზაციის შესაძლებლობა და ეტაპობრივად მოხდეს გავრცელების კლება. ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება შესრულდება, რა თქმა უნდა დღეს მთავარი აქცენტი იქნება კვლავაც დიდ ქალაქებზე- თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, სადაც უფრო აქტიური არის ვირუსის გავრცელებაც და მოსახლეობასაც შეუძლია, რა თქმა უნდა, სიმპტომების შემთხვევაში, მიმართოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას და იქ ჩაიტაროს ანტიგენზე სწრაფი ტესტირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ანტიგენის ტესტები მაღალი ხარისხისაა და პასუხი სარწმუნოა.

„ერთი რამ კიდევ მინდა ხაზგასმით ვთქვა, ანტიგენის ტესტები, რომლებიც ქვეყანაშია და ამ პროგრამაში გამოიყენება, არის ძალიან მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ორი ტესტიდან არის ერთ-ერთი ტესტი, ამდენად, ხარისხი და სარწმუნოება ამ ტესტის არის ძალიან მაღალი და ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს, დაყოვნების პერიოდს და მოსახლეობასაც და ექიმებს საშუალებას მისცემს, სწრაფად დაიწყონ მკურნალობა. ეს არის გარკვეულწილად უკვე ჩამოყალიბებული მოდელი ტესტირებისა, როდესაც შეზღუდვის ფარგლებში, ქვეყანამ უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოავლინოს ინფიცირებული პირები. ველოდებით, გამოვლენის პროცესი იქნება მეტად უფრო აქტიური და პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომი, მალევე შეიტყობს, რომ მას აქვს კორონავირუსი და ასევე მალევე მიიღებს რჩევას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს. ერთის მხრივ, ის თვითიზოლაციაში გადასვლის შემდეგ აღარ იქნება წყარო და აღარ გამოიწვევს სხვა ადამიანისთვის ინფექციის გადაცემას და მეორე მხრივ, დროულად მიაქცევს ყურადღებას იმ სიმოტომებს, რომლებიც შესაძლოა, დაავადების გართულების მანიშნებელი იყოს და მიიღოს მეტი ყურადღება სამედიცინოს სფეროს მხრიდან“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.