თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდითა და ცხელი ხაზით ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირის ბოლოდან ექნებათ შესაძლებლობა, 37 დაწესებულებაში მივიდნენ ვაქცინაციისთვის 
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდითა და ცხელი ხაზით ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირის ბოლოდან ექნებათ შესაძლებლობა, 37 დაწესებულებაში მივიდნენ ვაქცინაციისთვის 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციისთვის ვებგვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირის ბოლოდან ექნებათ შესაძლებლობა, 37 სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეს არ ჰქონდეს არანაირი ადმინისტრაციული ბარიერი.

„.თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა ტელეფონით ან ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, 37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციების პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს უკვე მოქმედებს „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. „ფაიზერის“ შემთხვევაში, დოზების მოწოდების რეჟიმი გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ მესამე, ე.წ. ბუსტერი დოზის შესახებაც ისაუბრა.

„დღეს ჩვენი ვაქცინაციის პროგრამა ემყარება ორჯერად ვაქცინაციას. ე.წ. ბუსტერი დოზა ამ შემთხვევაში ჯერ არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. ჩვენს პროგრამაში გათვალისწინებული არ იქნება, ვიდრე არ შეიცვლება ზოგადად, გლობალურად რეკომენდაციები ამის თაობაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 24 ივლისიდან, 12:00 საათიდან დაიწყო. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge, ასევე, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22.

წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ.