თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოქალაქეებს „ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკებში ცოცხალი რიგის საშუალებითაც შეეძლებათ
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოქალაქეებს „ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკებში ცოცხალი რიგის საშუალებითაც შეეძლებათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ვებგვერდისა და ცხელი ხაზის – 15 22 საშუალებით, შემდეგ კი, მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაშიც და ვაქცინაცია ცოცხალი რიგის საშუალებით ჩაიტარონ.

„რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, რომლებმაც „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთეს, მალე დაიწყება მეორე დოზისთვის რეგისტრაცია და აღნიშნა, რომ მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ.

„ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა გასული კვირების განმავლობაში გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია მალე დაიწყება და ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. რაც შეეხება დოზების რაოდენობას, როგორც ხედავთ, ქვეყანაში შეუზღუდავი იქნება, კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი