თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენცია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ტარდებოდა და ექიმები სესიებს მცირე ჯგუფებად ესწრებოდნენ
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენცია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ტარდებოდა და ექიმები სესიებს მცირე ჯგუფებად ესწრებოდნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდებოდა და ექიმები სესიებს მცირე ჯგუფებად ესწრებოდნენ.

კონფერენცია, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ 2020 წლის 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე უნდა გამართულიყო. კერძოდ, სასტუმროში ორ ნაკადად უნდა ჩატარებულიყო სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXI პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია. ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების მიზანია ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობასა და სუბსპეციალობაში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, რის გამოც ამ ეტაპზე სასტუმრო დახურულია და იქ ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონფერენციაზე უნდა ჩასულიყვნენ მისი მოადგილე თამარ გაბუნია და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე, თუმცა მათი ვიზიტი გადაიდო.