თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ახალი პროტოკოლით, პაციენტს გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე მიენიჭება
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ახალი პროტოკოლით, პაციენტს გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე მიენიჭება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც პაციენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე მიენიჭება.

„კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა 718-ს შეადგენს. ამ ადამიანებმა ჰოსპიტლები და საკარანტინო სასტუმროები დატოვეს, ბინაზე მეთვალყურეობაც შეჩერდა. გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ იმსჯელა და მიიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც შეეხება გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას განმეორებითი „პისიარ“-ტესტირების გარეშე. ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე ორი თანმიმდევრული ტესტირება გვქონდა და ორივე აუცილებელი იყო. დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, ათი დღის გასვლის შემდეგ, მე-11 დღეს პირს გამოჯანმრთელებულის სტატუსი ენიჭება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, აჭარის რეგიონში საწოლფონდის საკმარისი რაოდენობაა.

„ზოგადად, საწოლფონდის პრობლემა არ არის. დღეისათვის აჭარაში 110 საწოლია. პირველადი ჯანდაცვის მექანიზმი გააქტიურებულია. თუ პაციენტის გადმოყვანა ჰოსპიტალში არ არის აუცილებელი, შეიძლება დარჩეს ბინაზე ან გადავიდეს საკარანტინო სივრცეში. იყო გარკვეული შეფერხებები, როდესაც ერთდროულად ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. საწოლფონდის პრობლემა ამ ეტაპზე არ არის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.