თამარ გაბუნია - 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია სერიოზული საკითხია, ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში მკაფიო პასუხი გვექნება
თამარ გაბუნია - 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია სერიოზული საკითხია, ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში მკაფიო პასუხი გვექნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განაცხადებით, 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს ეცნობიან.

გაბუნია ფიქრობს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხთან დაკავშირებით მკაფიო გადაწყვეტილება ექნებათ.

„12 წლიდან ზემოთ ასაკის მოზარდების ვაქცინაცია ძალიან სერიოზული საკითხია, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენი ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და მუდმივად მიმდინარეობს მოძიება გამოცდილების, რეკომენდაციებისა სხვა ქვეყნების მაგალითზე.

ბრიტანეთის გამოცდილებით 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ მათ აქვთ რაიმე თანმხლები დაავადებები, რამაც შესაძლოა, სასიცოცხლო რისკები შექმნას კოვიდინფექციის განვითარების შემთხვევაში. ზოგიერთი ქვეყანა კი ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ ყველა მოზარდს ცრის. ამდენად, ჩვენ მაინც გვჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს რეკომენდაციები საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პასუხი გვექნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.