თამარ გაბისკირიას აზრით, სახელმწიფომ შვილად აყვანის მსურველები და დედები, რომელთაც შვილი არ სურთ, ერთმანეთს უნდა დააკავშიროს
თამარ გაბისკირიას აზრით, სახელმწიფომ შვილად აყვანის მსურველები და დედები, რომელთაც შვილი არ სურთ, ერთმანეთს უნდა დააკავშიროს

არასამთავრობო ორგანიზაცია „გენი ქართულის“ წარმომადგენელი თამარ გაბისკირია მიიჩნევს, რომ თუ ქალს შეგნებული და გააზრებული არ აქვს, დედად ძალით ვერავინ აქცევს, მაგრამ სახელმწიფომ ალტერნატივა უნდა შესთავაზოს, რათა მან აბორტი არ გაიკეთოს, – ამის შესახებ გაბისკირიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გაბისკირიას აზრით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს მექანიზმი, რისი საშუალებითაც ერთმანეთს დაუკავშირებს  ბავშვის შვილად აყვანის მსურველებსა და იმ დედებს, რომელთაც შვილი არ სურთ. მისი თქმით,  საქართველოში უამრავი ოჯახია, რომლებიც ბავშვის შვილად აყვანას წლების განმავლობაში ელოდებიან.

„სახელმწიფომ ისინი რაღაც სივრცეში ერთმანეთს უნდა დააკავშიროს, რათა შეთანხმება მოხდეს და ბავშვი ვანდალურად, წამებით, დაკუწვითა და რაღაც საშინელი მეთოდებით არ მოვკლათ“, – განაცხადა თამარ გაბისკირიამ

როგორც გენი ქართულის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, პოლონეთში, ჩეხეთში, იტალიაში, გერმანიასა და ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში ოჯახებს ალტერნატივას სთავაზობენ.

„მაგალითად, არის პროგრამა „სიცოცხლის ფანჯარა“, სადაც თუ დედას ბავშვი არ უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ბავშვი ცხრა თვის განმავლობაში მუცლით ატაროს, ხოლო თუ ამის გაკეთებაც უჭირს, სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს. მშობიარობის შემდეგ ქალი ბავშვს აბარებს, მაგრამ ექვსი თვის განმავლობაში შეუძლია, ბავშვზე უარის თქმა გადაიფიქროს და უკან გაიყვანოს, ხოლო თუ ისევ თავის აზრზე დარჩება, ბავშვს გააშვილებენ“, – განაცხადა გაბისკირიამ.