თამარ გაბისკირია - აბორტის აკრძალვა ამ ეტაპზე შედეგს ვერ მოგვცემს, ეს საკითხი შესასწავლია
თამარ გაბისკირია - აბორტის აკრძალვა ამ ეტაპზე შედეგს ვერ მოგვცემს, ეს საკითხი შესასწავლია

ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასთან ყველაფერი კავშირშია, მათ შორის აბორტიც, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „გენი ქართულის“ წარმომადგენელმა, თამარ გაბისკირიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვა ადამიანის უფლება და თავისუფლება იწყება. პირველ რიგში, ეს სიცოცხლის უფლებას ეხება. როცა ბავშვი ისახება, ის უკვე ცოცხალი ადამიანია, გრძნობს, ნერვიულობს, სტკივა და ა.შ. შესაძლოა, ხელ–ფეხი ბოლომდე განვითარებული არ აქვს, მაგრამ ჩვენ ფაშისტები არ ვართ, რომ ხელ–ფეხის განუვითარებლობის გამო, ადამიანები მოვკლათ“, – განაცხადა გაბისკირიამ.

მისი თქმით, აბორტი სხვა ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფაა, ისევე, როგორც დაბადებული და ზრდასრული ადამიანისა. 

„ნაყოფი პირად კეთილდღეობასა და კარიერულ წინსვლას ხელს როგორც არ უნდა უშლიდეს, აბორტის გაკეთება არ შეიძლება. თუმცა, ალბათ, აკრძალვის მეთოდი ამ ეტაპზე შედეგს ვერ მოგვცემს. ეს საკითხი შესასწავლია. თუმცა ადამიანის მოკვდინება ჩვენი უფლება ხომ არ არის?! ან რატომ გვგონია, რომ ბავშვის მოკვლა მხოლოდ ქალის უფლებაა?! ეს მხოლოდ ქალის უფლება არ არის“, – განაცხადა გაბისკირიამ.

როგორც გაბისკირიამ აღნიშნა, სკოლის ბოლო კლასებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდებს  ინფორმაცია სწორად უნდა მიეწოდოთ, რათა გოგონებმა კარგად გაიაზრონ, რას იწვევს განსაკუთრებით, პირველი აბორტი.

„პირველი აბორტის გაკეთება გოგონების 90%–ში სამუდამოდ უშვილოდ დარჩენას იწვევს და მათ ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ. აუცილებელია, აბორტის საწინააღმდეგო განწყობა შეიქმნას“, – განაცხადა თამარ გაბისკირიამ.