თამარ ფოცხიშვილი - ინაუგურაციის ცერემონია მასშტაბური იქნება, მაგრამ არა პომპეზური
თამარ ფოცხიშვილი - ინაუგურაციის ცერემონია მასშტაბური იქნება, მაგრამ არა პომპეზური

ინაუგურაციის ცერემონია მასშტაბური იქნება, მაგრამ არა პომპეზური, – ამის შესახებ მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა ცერემონიის თელავში გამართვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ ფოცხიშვილი იმ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად მუშაობას დღეიდან დაიწყებს.

„იდეები ჩნდება, თუნდაც ის, რომ საქართველოსთვის პირველი ქალი პრეზიდენტია. გვაქვს ჯგუფი, რომელიც დღეიდან იწყებს მუშაობას. რაც შეეხება სტილს, უნდა იყოს ღირსეული და მაღალი სულიერების. იმ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, სადაც ერეკლეს სასახლეა, პატარა ეკლესიაა და ვფიქრობ, ის სისადავე, რომელიც ამ ადგილას აქვს, ქართული სულიერებისთვის ძალიან დამახასიათებელია. ინაუგურაციის ცერემონია მასშტაბური იქნება, მაგრამ არა პომპეზური, რომელიც ქართველებს არ გვიყვარს. ფერებს გვკარნახობს ეროვნული დროშა, გერბიც. ვფიქრობ, ევროკავშირის დროშაც იქნება“, – განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში  დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა შედგა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.