თამარ ედილაშვილის გამოსვლა საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსზე [ვიდეო]

საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი, თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვიდა. ედილაშვილმა შეასრულა სიმღერა „შენი ხმა“, რომლის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. სიმღერა კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

​2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა 23 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა დღეს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდა და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ის მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მისცეთ სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას თქვენივე ქვეყნიდან.

გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50 პროცენტს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50 პროცენტს ჟიურის შეფასება განსაზღვრავს.

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას პირველი არხი ახორციელებს. კონკურსის მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინ სივრცეში, პირველი არხის ვებგვერდზე.