თამარ ჟვანია - ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გასცდებიან უფლებამოსილებებს
თამარ ჟვანია - ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გასცდებიან უფლებამოსილებებს

ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გასცდებიან უფლებამოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და აცადონ კომისიის წევრებს ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

თამარ ჟვანიას თქმით, ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით წესი და დაუშვებელია ინტერვიუს აღება, კომენტარების გაკეთება საარჩევნო უბანში.

„შეუძლებელია, ამ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები, როდესაც მის საქმიანობაში ხდება ასეთი ჩარევა. ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით წესი. დაუშვებელია ინტერვიუს აღება და კომენტარების გაკეთება საარჩევნო უბანში და ამას ჟურნალისტი არ უნდა ახორციელებდეს. ინტერვიუს აღებას აქვს თავისი წესი და ნებისმიერ პირს მიეცემა საშუალება, ამ წესის შესაბამისად მიიღოს შესაბამისი პასუხები.

ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა, აეღო ინტერვიუ, მეორე მხრივ, ეს უკვე გადადიოდა ხმის დათვლის პროცესის ხელშეშლის მცდელობაში. უბნის დატოვების ფაქტზე კომისია კომისიურად იღებს გადაწყვეტილებას იმ პირზე, ვინც უბანს ხელს უშლის მუშაობაში, რომ დაატოვებინოს უბანი. ჩვენ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ საჯაროდ ვიხილეთ ის, რომ ჟურნალისტმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ჟურნალისტმა დაარღვია კანონი.

ამავდროულად მინდა, მივმართო კომისიებს. ყველას ვთხოვ, ხელი შეუწყონ კანონით დადგენილ ფარგლებში თითოეულ ჩართულ მხარეს, იქნება ჟურნალისტი, დამკვირვებელი თუ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რომ მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავისუფლად შეძლონ ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება.

ამავდროულად, ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს – ნუ გასცდებიან უფლებამოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და აცადონ კომისიის წევრებს ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება. საარჩევნო ადმინისტრაცია ემსახურება ამომრჩევლებს და მოწოდებულია ზუსტად იყოს მათი ნება შედეგებში ასახული“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.