თამარ ჟვანია - საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სუბიექტის სახელწოდება შეიცვალოს
თამარ ჟვანია - საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სუბიექტის სახელწოდება შეიცვალოს

თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელის შეცვლის მოთხოვნა დაუკმაყოფილდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სუბიექტის სახელის ცვლილების საშუალებას საარჩევნო კოდექსი არ იძლევა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში სუბიექტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით დაარეგისტრირა.

მოგვიანებით, თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში მათ მომმართეს სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩემი განკარგულებით, თვითმმართველობის, ანუ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რაც ტარდება თერჯოლასა და სამტრედიაში, სახელი შეეცვალათ და ახლა დარეგისტრირებული არიან „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” სახელით.

მათ ასევე მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ეს მომართვა ეხებოდა ცესკო-ს კომისიურ გადაწყვეტილებას. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს და ეს იყო კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშულებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეიცვალოს სახელი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იქნება დაფიქსირებული.