თამარ ჟვანია - საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
თამარ ჟვანია - საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ- 14 170.

მისივე თქმით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენლი, ასევე 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 წარმომადგენელი, ხუთი საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. ამასთან, როგორც თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

თამარ ჟვანია ამბობს, რომ საარჩევნო უბნები სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარით არის აღჭურვილი.

„ხვალ, დილის 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგი და მზად არიან არჩევნების ჩასტარებლად.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო-ფორმა, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლისთვის ადაპტირებულია 1 134 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ეტლით მოსარგებლე პირებს წელს პირველად მიეცათ საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ, მათთვის მისაწვდომ საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დატოვე კომენტარი