თამარ ჟვანია - საარჩევნო ადმინისტრაცია დაამტკიცებს, რომ ყველაფერი ხალხის ნების მიხედვით იქნება
თამარ ჟვანია - საარჩევნო ადმინისტრაცია დაამტკიცებს, რომ ყველაფერი ხალხის ნების მიხედვით იქნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვინც არ უნდა ყოფილიყო არჩეული, ნებისმიერ შემთხვევაში, შეფასება იქნებოდა ისეთი, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში აქვთ პარტიებს, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ შეფასებებთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.

ჟვანია ოპოზიციას ურჩევს, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნები და ანგარიშები წაიკითხონ.

„ერთადერთი, რაც შემიძლია ვუპასუხო, წაიკითხონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნები, ანგარიშები. ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარებულია ხუთი ძალიან დიდი არჩევნები, ორი საპრეზიდენტო, ორი თვითმმართველობის და ერთი საპარლამენტო არჩევნები, უამრავი რიგგარეშე და შუალედური არჩევნები. წაიკითხონ და ყველამ კარგად ნახონ, საარჩევნო ადმინისტრაციამ თუ რამეს მიაღწია და რეგიონული ლიდერია, ეს არის სწორედ ამ ბოლო წლებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და იმიჯი რეგიონში. თითქმის მსოფლიოს მასშტაბით ვართ აღიარებული, როგორც პროფესიონალები და კარგად მოქმედი ადმინისტრაცია. ხარკის გადახდა არ არსებობს ასეთ პოზიციებზე, ასეთ პოზიციებზე არსებობს ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ნახავთ საქმეში, თუ მე გავხდები ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. საარჩევნო ადმინისტრაციაც დაამტკიცებს, რომ ყველაფერი იქნება ხალხის ნების მიხედვით“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.