თამარ ჟვანია - კანონმდებლობის მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება საარჩევნო ბიულეტენში
თამარ ჟვანია - კანონმდებლობის მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება საარჩევნო ბიულეტენში

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება საარჩევნო ბიულეტენში და ამომრჩევლები ამ ბიულეტენით შეძლებენ მეორე ტურში მონაწილეობას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ეს არის სამართლებრივი პროცედურა, როდესაც კანდიდატს არ შეუძლია, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. მსგავსი შემთხვევები ჩვენ გვქონდა. მახსოვს, გორში იყო შემთხვევა, როდესაც კანდიდატმა საჯაროდ განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ ის ბიულეტენში იყო და მან საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმები მიიღო. ანალოგიური შემთხვევა გვქონდა მარნეულში, როდესაც საჯაროდ თითქოსდა, იყო ასეთი პოზიციონირება საზოგადოების წინაშე, რომ კანდიდატი მონაწილეობას არ იღებდა და მეტსაც გეტყვით – მან იმდენი ხმა მიიღო, რომ არჩევნები მოიგო“, – აღნიშნა ჟვანიამ.

ამ განცხადებით თამარ ჟვანიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, არ არსებობს პროცედურა, რომელიც კანდიდატის მოხსნას ითვალისწინებს.