თამარ ჟვანია - ჩვენ უკან დგას სიმართლე და არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არ არის, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს ხელმძღვანელი გადადგება თუ არა
თამარ ჟვანია - ჩვენ უკან დგას სიმართლე და არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არ არის, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს ხელმძღვანელი გადადგება თუ არა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნამდვილად იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და პროცედურული სახის შეცდომები, თუმცა არა ისეთი რამ, რაც წინა არჩევნებზე არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება მისი გადადგომის მოთხოვნას, თამარ ჟვანია აღნიშნავს, რომ დღემდე არავის წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გადადგომის საფუძველი გახდებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იყო, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის და პირადად ჩემი, როგორც ხელმძღვანელი პირის, რომ პასუხი გამეცა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც საგამოძიებო კომისიას ჰქონდა. იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, არსებითი და კრიტიკული კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა პირველ რიგში საუბნო საარჩევნო კომისიების კომპეტენციას, ჩატარებულ ტრენინგებს, იმ შეცდომებს და გარკვეულ ხარვეზებს, რომლებიც ოქმებში იყო დაფიქსირებული. კითხვები უკავშირდებოდა დავების პროცესს და ოქმის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დავეთანხმე კომისიას, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია, რომ რეალურად არჩევნებზე ნამდვილად იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და პროცედურული სახის შეცდომები, თუმცა აქ არაფერი იყო ახალი, განსხვავებული, რაც წინა არჩევნებზე არ ყოფილა. უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზიდან გამოწვეული მასშტაბებია განსხვავებული. ეს მიზეზები უკავშირდება ზოგადად პოლიტიკურ გარემოს, ძალიან რთულ, კომპლექსურ ვითარებაში მუშაობას. ამავდროულად, სუბიექტების უპრეცედენტოდ მაღალ რაოდენობას, და რაც მთავარია, პანდემიას, რომელმაც ძალიან ბევრი თავის ტკივილი გაუჩინა საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ადმინისტრირების პროცესში.

ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება მოთხოვნა პირადად ჩემი, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომ უმჯობესი იყო, წავსულიყავი. არჩევნების დასრულებისთანავეც იდგა ეს მოთხოვნა. მინდა, ამაზე ცალსახად განვაცხადო, არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მათ შორის არც საგამოძიებო კომისიაში დღეის მდგომარეობით არც ერთი დასაბუთება, არგუმენტი და მტკიცებულება არ შემოსულა.

მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, არ არსებობს. რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, იქნება ეს ცესკო-ს თავმჯდომარე, თუ საოლქო კომისიის თავმჯდომარე? ჩვენი პასუხი ასეთია – ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ჩვენ უკან დგას სიმართლე და არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან მისი წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ არის, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი, თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება და დასაბუთება, უნდა ჰქონდეს საკმარისი არგუმენტები. იმ პირობებში, როდესაც არგუმენტები და დასაბუთება წარმოდგენილი არ არის, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყო ცესკო-ს ან საოლქო საარჩევნო კიმისიის ხელმძღვანელი, ძალიან ცუდი მესიჯი იქნებოდა, რომ პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო, ვინმე წავიდეს. ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ საფუძვლის, მტკიცებულებების და არა პოლიტიკური სურვილების შედეგად“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დატოვე კომენტარი