თამარ დეკანოსიძე - ნაადრევი ქორწინება მიეკუთვნება მავნე პრაქტიკას და მის აღმოფხვრას წლები სჭირდება
თამარ დეკანოსიძე - ნაადრევი ქორწინება მიეკუთვნება მავნე პრაქტიკას და მის აღმოფხვრას წლები სჭირდება

ნაადრევი ქორწინება მიეკუთვნება მავნე პრაქტიკას და ამ პრაქტიკის აღმოფხვრას გარკვეული წლები სჭირდება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ნაადრევი ქორწინება მავნე პრაქტიკას მიეკუთვნება და ამ პრაქტიკის აღმოფხვრას სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან თანმიმდევრული, ყოვლისმომცველი ძალისხმევა და წლების გარკვეული რაოდენობა სჭირდება. სამ-ოთხ წელიწადში, მსგავსი სახის მონაცემები რომც არსებობდეს, ძალიან რთული იქნება, ნაადრევი ქორწინების აღმოფხვრაზე და სტატისტიკის შემცირებაზე ვისაუბროთ. უმნიშვნელოვანესია სისხლის სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება. თუმცა, ამ ფენომენთან მიმართებით სისხლის სამართლებრივი ზომები არ იქნება ერთადერთი საშუალება, რაც სტატისტიკას შეამცირებს“, – განაცხადა დეკანოსიძემ.

მისი თქმით, პრობლემაა როგორც არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინება, ასევე მათი ე.წ. ნებაყოფლობითი ქორწინება და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ორივე ქალთა მიმართ ძალადობის ფორმაა.

„ქორწინებაზე ე.წ. ნებაყოფლობითი თანხმობა ამ შემთხვევაში, არ არის ვალიდური. იმიტომ, რომ ეს ნებაყოფლობითობა საზოგადოებაში დამკვიდრებული, ღრმად გამჯდარი სტერეოტიპებით არის გამოწვეული. მაგალითად, იმით, რომ თუ გოგონა ბიჭს შეხვდება, ამით მას რეპუტაცია შეელახება და ა.შ.“ – განაცხადა დეკანოსიძემ.

დეკანოსიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ორივე მხარე არასრულწლოვანია, მათ ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ერთი პირი სრულწლოვანია, ხოლო მეორე 16 წელს მიუღწეველი.

„ორ 14, ან 15 წლის ადამიანს, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არავინ მისცემს იმისთვის, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ“, – განაცხადა დეკანოსიძემ.

მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ არსებული კანონმდებლობა პრაქტიკაში არ სრულდება.

„მუხლში წერია 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ პრაქტიკაში, ეს სასჯელი ამ ქმედების ჩამდენებს არ ეფარდებათ. საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ აბსოლუტურად სხვა სასჯელები ეფარდებათ. ეს სასჯელები არის ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, პირობითი მსჯავრი და ა.შ. ამას მივყავართ იმ პრობლემამდე, რომ ან კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, ან ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რაც გვაქვს, ისე უნდა აღსრულდეს, როგორც კანონში წერია, რადგან კანონი ერთს გვეუბნება, პრაქტიკაში კი სრულიად განსხვავებული რამ ხდება“, – განაცხადა დეკანოსიძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 19 წლამდე გოგონათა სიკვდილიანობის და ავადობის მთავარი გამომწვევი მიზეზი ადრეულ ასაკში ქორწინება და შვილების გაჩენაა.

„ანუ, ადრეულ ასაკში ქორწინება, იძულებითი იქნება ეს თუ ნებაყოფლობითი, ორივე ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების სერიოზული დარღვევაა. განათლების, ჯანდაცვის და ა.შ.“ – განაცხადა თამარ დეკანოსიძემ.