თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს კონგრესმენებთან, მათ შორის, კონგრესის ახლად არჩეულ წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის  თანათავმჯდომარეებთან ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ პრაისთან.

შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენ ტვინინგთან, საერთაშორისო ორგანიზაციის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტ კარლ გერშმანთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ხელმძღვანელობასთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციულ თანაშემწესთან ბროკ ბირმანთან.

საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობასა და ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაში. ასევე, გაიმართება მრგვალი მაგიდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია შედიან.