თამარ ჩუგოშვილი - ყველა თანხმდება, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, ასევე, ნათელია, რომ ბოიკოტის გზით სიარულს მხარდაჭერა არ აქვს და ოპოზიციამ გაუშვა მეორე ტურის მოგების შანსი
თამარ ჩუგოშვილი - ყველა თანხმდება, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, ასევე, ნათელია, რომ ბოიკოტის გზით სიარულს მხარდაჭერა არ აქვს და ოპოზიციამ გაუშვა მეორე ტურის მოგების შანსი

ყველა თანხმდება, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, ასევე, ნათელია, რომ ბოიკოტის გზით სიარულს მხარდაჭერა არ აქვს და ოპოზიციამ გაუშვა მეორე ტურის მოგების სრულიად რეალისტური შანსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, ხმების დათვლის და საარჩევნო დავების განხილვის პროცედურების მიმართულებით ცვლილებებია განსახორციელებელი, რაზეც „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა შეთანხმდეს.

„გვაქვს შემდეგი მოცემულობა – ყველა თანხმდება, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას/ცესკო-ს. ასევე, უკვე ნათელია, რომ ბოიკოტის გზით სიარულს მხარდაჭერა არ აქვს და არ ექნება. ამასობაში, ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა მეორე ტურების მოგების სრულიად რეალისტური შანსი.

მომავალ არჩევნებს (ვადამდელი იქნება თუ მორიგი) სჭირდება ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, ხმის მიცემის/დათვლის პროცედურების, საარჩევნო დავების განხილვის და მრავალი სხვა მიმართულებით. ვფიქრობ, მოლაპარაკების მაგიდაზე შეთანხმება უნდა მოხდეს იმაზე, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად მოხდება (როგორც 8 მარტის შეთანხმებისას), შემდეგ ყველა უნდა შევიდეს პარლამენტში და ეს შეთანხმება რეალობად აქციოს.

მხოლოდ ასე გვექნება შანსი, შემდეგი არჩევნები უფრო სამართლიანი იყოს. ამის შემდეგ კი პოლიტიკური ვითარება გვაჩვენებს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები“, – აცხადებს ჩუგოშვილი.