თამარ ჩუგოშვილი - ვიდრე არ დააკმაყოფილებს რუსეთი ევროსაბჭოს მოთხოვნებს, ვერ დავუჭერთ მხარს ხმის აღდგენას 
თამარ ჩუგოშვილი - ვიდრე არ დააკმაყოფილებს რუსეთი ევროსაბჭოს მოთხოვნებს, ვერ დავუჭერთ მხარს ხმის აღდგენას 

საქართველოს დელეგაციის პოზიცია იქნება ის, რომ ვიდრე არ დააკმაყოფილებს რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს მოთხოვნებს და ვიდრე არ აღმოიფხვრება სანქციების საფუძველი, ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს რუსეთისთვის ხმის აღდგენის საკითხს, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში განუცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება შეუჩერდა იმის გამო, რომ რუსეთი არ ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება ევროპის საბჭოს პრინციპებიდან გამომდინარე.

“ეს საკითხი ყველაზე მეტად უკრაინის საქმის გამო გააქტიურდა, თუმცა რუსეთი არც სხვა საკითხებში გამოირჩევა ევროსაბჭოს რეზოლუციების და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემით. საქართველოს დელეგაციის პოზიცია იქნება ის, რომ ვიდრე არ დააკმაყოფილებს რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს მოთხოვნებს და ვიდრე არ აღმოიფხვრება სანქციების საფუძველი, მანამდე ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს რუსეთისთვის ხმის აღდგენის საკითხს. რაც შეეხება დროებით კომიტეტს, ეს კომიტეტი რუსეთის თემაზე არ იქმნება, დროებითი კომიტეტი იქმნება საპარლამენტო ასამბლეაში მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. დაფინანსების თემაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აქ სათათბირო ხმით საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ ორი რუსი დეპუტატი მოეწვია. კომიტეტი შედგება პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებისგან და ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებისგან. საკმაოდ დიდი ჯგუფია. ეს დროებითი კომიტეტი საკმაოდ წარმომადგენლობითია. ჯერ უცნობია, თუ რა თანმიმდევრობით მოხდება საკითხების განხილვა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.