თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნას აპრილის შუა რიცხვებში ველოდებით
თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნას აპრილის შუა რიცხვებში ველოდებით

ვენეციის კომისიის ექსპერტებს 1-2 აპრილს ვუმასპინძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში ექსპერტები შეხვდებიან ყველას, ვისი მოსაზრებაც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია.

„დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში ველოდებით, რომ დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება. ამის შემდეგ, მეორე მოსმენით დაიწყება კანონპროექტის განხილვა. ჩვენ გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში კანონპროექტი იმ სულისკვეთებით, რომ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა რეკომენდაციები, რომლებიც იქნება შემოთავაზებული ექსპერტების მხრიდან“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია საქართველოს ძალიან კარგად იცნობს და წლებია, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობას აანალიზებს.

„ბუნებრივია, ჩვენი მოტივაცია არის ამ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს, პირველი მოსმენით მიიღო.