თამარ ჩუგოშვილი - ველოდებით, რომ ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეების მიერ საქართველოს პროგრესი აისახება
თამარ ჩუგოშვილი - ველოდებით, რომ ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეების მიერ საქართველოს პროგრესი აისახება

ნატო-ს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინია, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოს პროგრესი აისახება, რომელსაც ქვეყანა წლიდან წლამდე განიცდის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქამდეც იყო დეკლარირებული და დღევანდელი განცხადებითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ინტეგრაციის გზა გაიაროს.

„გენერალური მდივნის განცხადება მისასალმებელია იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ ინსტრუმენტების გამოყენებაში და რეფორმების გატარებაში უახლოეს სამიტზე აისახოს.  ზუსტად რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – ამბობს ჩუგოშვილი.

დეპუტატი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს დეკლარირებული ამოცანაა, ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მოხდეს. სამიტთან დაკავშირებით მოლოდინია, რომ პროგრესი აისახება, რადგან ქვეყანას წლიდან წლამდე პროგრესი აქვს. რა ფორმით, ამაზე საუბარი ნაადრევია. მუდმივად არსებობს იმის ამბიცია, რომ ნატო-ს წევრები გავხდეთ, მით უმეტეს, საქართველო თავის ვალდებულებებს ძალიან აქტიურად ახორციელებს და ინსტრუმენტებიც გვაქვს. პირველ რიგში, პრემიერის განცხადება ჩვენი სურვილი და განცდაა, რომ რეფორმების იმ ტემპით, რომელსაც ვახორციელებთ, წევრობისთვის მზად საკმაოდ მალე ვიყოთ“, – დასძენს ჩუგოშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულ საკითხზე 26 მაისს ისაუბრა. „იმედი გვაქვს, 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება იენს სტოლტენბერგს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ივლისში დაგეგმილ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესს აუცილებლად აღნიშნავს.