თამარ ჩუგოშვილი - ვეცდებით, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მივიღოთ 
თამარ ჩუგოშვილი - ვეცდებით, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მივიღოთ 

ვეცდებით, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და სამართლიანი ფორმით მივიღოთ გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროება საერთოდ დადგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, იუსტიციის საბჭოს გონიერება ეყოფა და განცხადებას გააკეთებს, რომ უვადოდ დანიშვნას აჩერებს, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს კანონპროექტებს, რომელიც აუცილებელია მოსამართლეთა დასანიშნად.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე. მოსამართლეთა დანიშვნა, უვადოდ განწესება – ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ მოსამართლეების მიერ, არამედ პარლამენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრების მხარდაჭერით. საუბარი მექნება ნაზი ჯანეზაშვილთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უპირველეს ყოვლისა, ჩემს კოლეგებთან, რადგან ეს ინიციატივა ისე ვთქვი, რომ შეთანხმებული არავისთან მქონია, ჩემი იდეა იყო. სამწუხაროდ, ამ ვითარებაში უმტკივნეულო ფორმა აღარ არსებობს, მაგრამ ვეცდები, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულო და სამართლიანი ფორმით მივიღოთ გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროება საერთოდ დადგება. იმედი არ დამიკარგავს, იუსტიციის საბჭოს გონიერება ეყოფა და განცხადებას გააკეთებს, რომ უვადოდ დანიშვნას აჩერებს, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს კანონპროექტებს, რომლებიც აუცილებელია მოსამართლეთა დასანიშნად. არავის ვებრძვით. გვინდა, სასამართლოში ჯანსაღი პროცესი დაიწყოს და ეს ყველაფერი ნდობას არყევს, რაც ქვეყნისთვის მძიმეა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გუშინ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.