თამარ ჩუგოშვილი - უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სესიების გამართვის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ თბილისშიც
თამარ ჩუგოშვილი - უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სესიების გამართვის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ თბილისშიც

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში ბევრი ფიქრობს, რომ სხდომების გამართვის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ თბილისშიც.

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რეგლამენტის პროექტის განხილვისას, პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე საკუთარი წინადადება სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა დააყენა და აღნიშნა, რომ რეგლამენტში ადგილსამყოფელი მითითებული აღარ უნდა იყოს.

ყაველაშვილის საპასუხოდ, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი პოლიტიკური საკითხია და ამ თემაზე მსჯელობა მმართველი გუნდის შიგნით უნდა გაიმართოს.

“არაერთი დეპუტატის მხრიდან პოზიცია გამოითქვა, რომ  ორივე სასახლე უნდა დაფიქსირდეს, როგორც პარლამენტის ადგილსამყოფელი, ან რეგლამენტში მხოლოდ ერთი არ უნდა იყოს დაფიქსირებული. ვინაიდან, ეს პოზიცია ბევრი კოლეგის მხრიდან არის გამოთქმული, ამაზე უმრავლესობის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება. თუ ორივე ჩანაწერი იქნება, იმ სტატუს-კვოს შევინარჩუნებთ, რომელიც გვაქვს. ანუ, იმას, რომ აღარ იქნება შემოფარგლული სასესიო სხდომების ჩატარება მხოლოდ ქუთაისში, არამედ პარლამენტს შესაძლებლობა ექნება, სხდომები თბილისშიც ჩაატაროს, თუ ორივე სასახლე დაფიქსირდება. ამ თემაზე პოზიციის შესაცვლელად მზად ჯერ არ ვარ, რადგან ინიცირებულ ვერსიაში ქუთაისი წერია, მაგრამ უმრავლესობაში საკითხის განხილვის შემდეგ, მათ პოზიციას გავითვალისწინებ და ჩანაწერს ან შევცვლი, ან დავტოვებ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტი რეგლამენტის პროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობს, რომელიც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მოამზადა.

დატოვე კომენტარი