თამარ ჩუგოშვილი - უმჯობესი იქნება, თუ ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება
თამარ ჩუგოშვილი - უმჯობესი იქნება, თუ ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩასვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების მიზეზს ვერ მიხვდა, სადაც ის რუსეთის დელეგაციის წევრებს ეუბნებოდა, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლის პრობლემა არ ექნებოდათ.

„თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთოდ არაფერი ტარდება, არავინ შემოდის და მოპატიჟება საჭირო რატომ გახდა, ვერ მივხვდი. დღის წესრიგში რისი ჩატარებაც დგას, ეს არის მინისტერიალი, რაც საპარლამენტო ასამბლეა არ არის, სხვა ორგანოა, რომლის სხდომაც წესით თბილისში უნდა გაიმართოს. თუმცა, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც გავრილოვის პარლამენტის შენობაში მოხვედრას მოჰყვა, ჩვენ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ღონისძიებები სტრასბურგში ჩავატარეთ ზუსტად იმიტომ, რომ წინ ასეთი სირთულეები არ დაგვხვედროდა. იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება, რომ მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდეს, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებები ჩატარდა? თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ მინისტერიალი თბილისში ჩაატაროს, შეუძლებელი იქნება, რუსეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს, ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალო. ამიტომ უფრო უსაფრთხო ნაბიჯი იქნებოდა, ეს ღონისძიება სტრასბურგში ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.