თამარ ჩუგოშვილი - უკვე მეორე ექსპერტიზა ადგენს, რომ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრების ჩანაწერები ავთენტური არ არის
თამარ ჩუგოშვილი - უკვე მეორე ექსპერტიზა ადგენს, რომ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრების ჩანაწერები ავთენტური არ არის

უკვე მეორე ექსპერტიზა ადგენს, რომ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრების ჩანაწერები დამონტაჟებულია და ავთენტური არ არის. შესაბამისად, არ შეიძლება, ავტომატურად იყოს აღქმული, როგორც სიმართლის შემცველი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე ექსპერტიზის ერთმანეთზე დამთხვევა ადასტურებს, რომ ჩანაწერებში მონტაჟია და გარკვეული მანიპულაციებია ჩატარებული.

„ერთი ექსპერტიზა ეროვნული ბიუროშია ჩატარებული, მეორე დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ, რაც ზაზა ხატიაშვილმა წარმოადგინა. ორივე ექსპერტიზის ერთმანეთზე დამთხვევა ადასტურებს, რომ ამ ჩანაწერებში მონტაჟია და გარკვეული მანიპულაციებია ჩატარებული. ამას ემატება ის, რომ ზაზა ოქუაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, გამოძიებას უნდა აწვდიდდეს და ჩვენებას უნდა აძლევდეს, მაგრამ ვიცით, რომ ამ ყველაფერზე უარს ამბობს, რაც იმ ეჭვებს კიდევ უფრო ადასტურებს, რაც ამ საქმეზე გვქონდა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოები გამოძიების შედეგებს წარმოადგენენ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, „ომეგა ჯგუფმა“ დავალიანება აუცილებლად უნდა დაფაროს.

„ავტომატური ნდობა არც ყიფიანის მიმართ მაქვს და არც ოქუაშვილის მიმართ. ოქუაშვილი ამბობს, რომ ეს ჩანაწერები მტკიცებულებაა და მძიმე და ცუდ ბრალდებებს ისვრის, რაც ექსპერტიზით მტკიცდება, რომ ეს ჩანაწერები მანიპულირებული, დამონტაჟებულია და რეალობას არ გადმოსცემს. არ ვიცი, როგორ შეიკვრება და საბოლოო ჯამში, რა სურათს მივიღებთ, მაგრამ ის, რომ ამ საქმეში ბევრი ცუდი კითხვის ნიშანია, ეს კარგად ჩანს. ოქუაშვილი გამოძიებასთან საერთოდ არ თანამშრომლობს და ტალახის სროლას ეთერებიდან ვისმენთ, მაგრამ გამოძიება გრძელდება და დავაკვირდებით, პროცესები როგორ განვითარდება. ეს ყველაფერი გადასახადებიდან თავის არიდების საფუძველი არ არის, გადასახადების გადახდა მოუწევთ. ბევრნაირი ეჭვი ჩნდება. განცდა გვაქვს, რომ კონკრეტულ ბიზნესკომპანიას სურვილი აქვს, თავის ვალდებულებებს თავი აარიდოს და ამისთვის გარკვეული მანიპულაციებით არის დაკავებული. ეს ის ეჭვებია, რაც ჩვენ გვიჩნდება, სხვა მხარეს სხვა ეჭვები უჩნდება. პასუხები საქმეზე მოსაგროვებელია და გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.