თამარ ჩუგოშვილი - თუ მთავრობა ვერ დაკომპლექტდება და ხელახალი არჩევნები იქნება საჭირო, მაშინ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ამოქმედდება
თამარ ჩუგოშვილი - თუ მთავრობა ვერ დაკომპლექტდება და ხელახალი არჩევნები იქნება საჭირო, მაშინ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ამოქმედდება

პროპორციულ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ახლად არჩეული პარლამენტი კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეძლებს, მთავრობა მუშაობას შეუდგება,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ მთავრობის დაკომპლექტება ვერ  მოხერხდება და ხელახალი არჩევნები იქნება საჭირო, ამოქმედდება ნორმა, რომელიც  5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს ითვალისწინებს.

„მას შემდეგ, რაც ძალაში შევა კონსტიტუციური ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ახლადარჩეული პარლამენტი შეძლებს კოალიციური მთავრობის ფორმირებას, მაშინ მთავრობა მუშაობას შეუდგება. იმ შემთხვევში, თუ მთავრობის დაკომპლექტება ვერ მოხდება და ხელახალი არჩევნები იქნება ჩასატარებელი, მაშინ შემოვა ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს და ამაზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, ვიცე-სპიკერმა კოალიციის შექმნის საკითხზეც გააკეთა განმარტება.

„რაც შეეხება ციფრებსა და არითმეტიკას, ეს არის პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე. ყველა ვაცნობიერებთ იმას, მეტ-ნაკლებად ვისთან შეიძლება კოალიციაზე საუბარი და ვისთან, არა. არიან პარტიები, ვისთანაც კოალიციას ვერ და არ შევქმნით, არიან პარტიები, ვისაც ჩვენთან კოალიციის შექმნის სურვილი არ აქვს. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კობახიძე თავის ვარაუდს გამოთქვამდა, მომავალ პარლამენტს რა შემთხვევაში აქვს კოალიციის შექმნის პოტენციალი და რესურსი. ბუნებრივია, ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის მიზანია, არჩევნებში მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვება, იდეალურ შემთხვევაში, ეს იქნებოდა 50 პროცენტი ან მეტი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მოსახლეობა ამის ნებას გამოხატავდა. ვუშვებთ იმას, რომ შესაძლებელია, 50 პროცენტზე ნაკლები მივიღოთ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დატოვე კომენტარი