თამარ ჩუგოშვილი - თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს ვერ დავუჭერ, მათ შორის ვერც გვრიტიშვილს
თამარ ჩუგოშვილი - თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს ვერ დავუჭერ, მათ შორის ვერც გვრიტიშვილს

​საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია რა ფორმითაც იქნა წარდგენილი, მისთვის მისაღები არ არის.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება, პარლამენტი იმ სიაზე მუშაობას როგორ გააგრძელებს, რომელიც უკვე წარდგენილია.

„ჩემთვის ამ პროცესში ორი რამ არის პრობლემური. ერთია, მთლიანად პროცესი, რადგან ქვეყნისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელება უმნიშვნელოვანესია. ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ არანაირი პროცედურა არ არსებობდეს და საზოგადოების მხრიდან არანაირი აღქმა არ იყოს ღია პროცესის, ეს სერიოზული პრობლემაა. ამ ფორმით წარმოდგენილ სიასთან პრობლემა მაქვს. მეორეა, კონკრეტული გვარები, რომლებიც სიაში არიან წარმოდგენილნი. ზოგიერთ მათგანზე ჩემი მოსაზრება 2012 წელს მაქვს დაფიქსირებული და აზრი არ შემიცვლია. თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ. გვრიტიშვილს ვგულისხმობ, რომელთანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების განხილვის დროს სერიოზული ხარვეზები, კანონდარღვევები ფიქსირდებოდა იმ წლებში, როცა ჩემს ორგანიზაციას ადამიანების წარმომადგენლობა უწევდა. სია რა ფორმითაც იქნა წარმოდგენილი, მისაღები არ არის. ვერ გეტყვით, კენჭისყრა ჩატარდება თუ არა კვირის ბოლოს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ცოტა მეტ დროს გამოიყენებს. პროცედურები მაქსიმალურად მალე უნდა შევქმნათ, რომ ასეთი გაუგებრობები მომავალში თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.