თამარ ჩუგოშვილი - თუ ადამიანები თავს არ იწუხებენ, რომ გენდერული საბჭოს განცხადებები იკითხონ, ქალების დაცვას ნუ მასწავლიან
თამარ ჩუგოშვილი - თუ ადამიანები თავს არ იწუხებენ, რომ გენდერული საბჭოს განცხადებები იკითხონ, ქალების დაცვას ნუ მასწავლიან

ვისაც გენდერული საბჭო აინტერესებს, კეთილი ინებოს, გენდერული საბჭოსა და მისი თავმჯდომარის განცხადებებს გაეცნოს და თუ ადამიანები თავს არ იწუხებენ იმით, რომ განცხადებები იკითხონ, ქალების დაცვას ნუ მასწავლიან, რადგან ქალების უფლებების დაცვის სწავლება არავისგან მჭირდება, მით უმეტეს, მისოგენებისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ჩუგოშვილის თქმით, ვინ ვის რას აბრალებს, ეს მისი საქმე არ არის და სჯობს, დეპუტატებმა ერთმანეთთან გაარკვიონ.

„ქვეყნისთვის ამ დისკუსიის პარლამენტში გაგრძელება სწორი და სასარგებლო არ მგონია, მაგრამ პარლამენტის წევრები არიან, ეს მათი არჩევანია. შეუძლიათ თქვან, რაც უნდათ, ენას ძვალი არ აქვს. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, პასუხისგებაში გამავრცელებლების მიცემა საკმარისი არ არის, საჭიროა, ყველა დავრწმუნდეთ, რომ გამოძიება ყველაფერს აკეთებს პირველწყაროს დასადგენად. ქალი დეპუტატის მიმართ ეს არის საზარელი, საშინელი და ამაზრზენი დანაშაული, რაც არ შეიძლება, ბოლომდე გამოუძიებელი დარჩეს. გასაგებია, რომ დაკავებულია და პასუხისგებაშია მიცემული არაერთი გამავრცელებელი, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოქალაქეებისთვის გზავნილია, რომ გავრცელება და გადავრცელება დანაშაულს წარმოადგენს და ისინი ამისთვის დაისჯებიან, მაგრამ როგორც დეპუტატს და მოქალაქეს მოლოდინი მაქვს, რომ პირველწყაროს თაობაზე მეტი ინფორმაცია გავიგო, ეს ყველაფერი საიდან წამოვიდა. ეს მოლოდინები საგამოძიებო ორგანოს მიმართ მაქვს. ვინ ვის რას აბრალებს, ეს ჩემი საქმე არ არის, არც მაინტერესებს და არც დისკუსიაში შევდივარ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.