თამარ ჩუგოშვილი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა
თამარ ჩუგოშვილი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს შესახებ ჩანაწერი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა, –  ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია აშშ-სთვის, წლებია, საქართველოს მხარდამჭერ ტექსტს იმეორებს და ეს წელსაც შენარჩუნდა.

„ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ჩვენი დაცვა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაა. აღნიშნული აქტი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულების კიდევ ერთხელ გამოხატულებაა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA) დღეს მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.  ამასთან, კანონში დაფიქსირებულია ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.