თამარ ჩუგოშვილი - სრულიად სხვა იყო გზავნილები, რაც საქართველომ ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შედეგად მიიღო, ვიდრე ის, რაც ყალბი საინფორმაციო წყაროებიდან ისმოდა
თამარ ჩუგოშვილი - სრულიად სხვა იყო გზავნილები, რაც საქართველომ ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შედეგად მიიღო, ვიდრე ის, რაც ყალბი საინფორმაციო წყაროებიდან ისმოდა

სრულიად სხვა იყო გზავნილები, რაც საქართველომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრის შედეგად მიიღო, ვიდრე ის, რაც ყალბი საინფორმაციო წყაროებიდან ისმოდა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„განსაკუთრებით მძიმე იყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია. შეხვედრაზე მსგავსი არაფერი თქმულა და პირიქით, სულისკვეთება და მოწოდებული გზავნილები სრულიად საპირისპირო იყო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ის დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, თბილისში ყოფნის დროს, ამერიკულ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული გაფრთხილება მისცა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ასეთ თემებზე თამაში არაფრით არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანოს.

„მხოლოდ ქვეყნის მტრებს შეიძლება, აწყობდეთ ის, რომ მსგავს საკითხებზე ასეთ ინფორმაციებს ავრცელებდნენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ყალბი ინფორმაცია მოსახლეობას ისეთი დოზით მიეწოდება, რომ რთულია, ადამიანებმა გარჩევა შეძლონ, თუ სად არის სინამდვილე და სად – ტყუილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირის საქართველოში ვიზიტი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შედგა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის საქართველოში ვიზიტის ყველა დეტალზე ღიად საუბარი, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც მან გააკეთა. მისი გზავნილები შეეხება მთლიანად კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას და იმ პირობებში, როცა ჩვენს ქვეყანას ასეთი გამოწვევები აქვს, ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

დატოვე კომენტარი