თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, არის უსამართლო
თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, არის უსამართლო

საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, არის უსამართლო, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩაგდებაზე ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო საკითხს, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალბათ ყველაზე აქტუალური თემაა და რომელმაც ერთი მხრივ, გადაფარა ქვეყანაში ყველა სხვა საკითხი, მეორე მხრივ, იწვევს საკმაოდ მძიმე და მწვავე პროცესებს ქვეყანაში. ყველა ვხვდებით, ეს შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ამ პარლამენტის მიერ არმიღებულ გადაწყვეტილებას და დარღვეულ პირობას. დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ეს ცვლილება არ ყოფილიყო მიღებული, კოლეგებო, ჩვენ გეუბნებოდით რამდენიმე რამეს, ერთი – ვამბობდით, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას, გამოიწვევდა ქვეყანაში პროცესების უკიდურესად გამწვავებას და ეს ასეც მოხდა. ასევე გეუბნებოდით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს მმართველი გუნდისა და ხელისუფლების მიმართ ნდობის სრულ განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პარტნიორების მხარდაჭერა და ნდობა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამ.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვართ სწორედ მათზე დამოკიდებული, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა ყველაფერზე, რაც აქ მოხდა. სისტემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის უსამართლო. ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს ცვლილება ყოფილიყო მიღებული. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში მმართველმა ძალამ გაიაზროს რომ სისტემა, რომელსაც ვიძახდით წლების განმავლობაში, რომ ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის იყო საჭირო, სტაბილურობას კი არ უზრუნველყოფს, უზრუნველყოფს ქუჩას, უზრუნვეყოფს დესტაბილიზაციას და უზრუნველყოფს პოლიტიკურ კრიზისებს. ალბათ ყველა ადევნებს თვალყურს, რას ამბობენ ჩვენი პარტნიორები, რა იწერება საქართველოს შესახებ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მედიასაშუალებებში. ალბათ ყველა ხვდებით, რომ ამას კითხულობენ ტურისტები, რომლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ამას კითხულობენ ინვესტორები, რომლებსაც თანხები უნდა ჩაედოთ ჩვენს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში რას უშვრება ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ, მე მგონი უმძიმებს მდგომარეობას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მიუღებელია ის უკანონო გზები, რომელსაც ოპოზიცია იყენებს პროტესტის გამოსახატავად. მაგრამ უფრო საშიშია ის ხელოვნური დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდში ორგანიზდება.

„მინდა გთხოვოთ, რომ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ნუ წაახალისებთ პროცესებს, რომელიც ქვეყანას შეიძლება დაუჯდეს ძალიან ძვირი. ნაცვლად ფიზიკური დაპირისპირებებისა მუშტი-კრივისა, გთხოვთ, რომ პოლიტიკურად სცადოთ პოლიტიკური პროცესების მოგვარება. პოლიტიკური გზა კი არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით, კომპრომისებით და დათმობით. ბოლო და ჩემი მთავარი სათქმელი, დგება ხოლმე პერიოდი განსაკუთრებით მმართველი ძალებისთვის, როდესაც ის, რაც შედის პარტიის პრაგმატულ ინტერესში, აღარ შედის ქვეყნის ინტერესში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორ მოიქცევა ადამიანი მაშინ, როდესაც ეს მომენტი დგება, რაც პრაგმატულად აწყობს პარტიას, აღარ აწყობს ქვეყანას, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთ დროს განსაკუთრებით მმართველი პარტია. ახლა უკვე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თანამდებობას ჩალის ფასიც არ აქვს თუ გაქვს განცდა, რომ შენი პოზიციაზე ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, არ ემსახურება, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მე იმედი მინდა მქონდეს, რომ კიდევ არის რესურსი დარჩენილი, რათა დაპირისპირებების, ფიზიკური შეჯახებების ნაცვლად დიალოგით, შეთანხმებით და დათმობებით მოხდეს ქვეყნის დაწყნარება, დამშვიდება და ეს უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.