თამარ ჩუგოშვილი - შეწყალება სულ პრობლემური იყო, არ გამოვრიცხავ, ახლაც წავაწყდეთ გარკვეულ პრობლემას
თამარ ჩუგოშვილი - შეწყალება სულ პრობლემური იყო, არ გამოვრიცხავ, ახლაც წავაწყდეთ გარკვეულ პრობლემას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალება ამჯერადაც პრობლემური აღმოჩნდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა თანხმდება, რომ შეწყალების პოლიტიკის მხრივ ბევრი ხარვეზი გამოვლინდა.

„ვინაიდან შეწყალება სულ პრობლემური იყო, არ გამოვრიცხავ, ახლაც გარკვეულ პრობლემას წავაწყდეთ. ჩემთვის ცნობილი არ არის შეწყალება რა კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ხორციელდება. ყველა თანხმდება, რომ შეწყალების პოლიტიკა პრობლემური იყო და ბევრი ხარვეზი გამოვლინდა, არა მხოლოდ მასშტაბების და რაოდენობის, არამედ შეწყალების საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, ვიცე-სპიკერი შეწყალების კონსტიტუციურ უფლებაში სახელმწიფო უხეშად ჩარევას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„არ ვფიქრობ, რომ შეწყალების კონსტიტუციურ უფლებაში სახელმწიფო უხეშად უნდა ჩაერიოს. მიმაჩნია, პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ ეს კონსტიტუციური მექანიზმი ბოროტად გამოყენებული არ იყოს და ისეთ შემთხვევებს არ ვაწყდებოდეთ, რა შემთხვევებსაც ბოლო თვეების განმავლობაში გადავაწყდით. სამართლებრივ ჩარევის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტმა რამდენიმე ათეული ნარკორეალიზატორი შეიწყალა, რაც სერიოზული პრობლემაა.

„არა მხოლოდ ნარკორეალიზატორების შეწყალების გამო გვქონდა პრობლემები, არამედ სხვა კატეგორიის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალების არაერთი,  ასეულობით ფაქტი იყო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა.