თამარ ჩუგოშვილი - სასურველია, მომავალში მაინც შევძლოთ, საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ სტრესი არ მივაყენოთ მოქალაქეებს
თამარ ჩუგოშვილი - სასურველია, მომავალში მაინც შევძლოთ, საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ სტრესი არ მივაყენოთ მოქალაქეებს

წინასაარჩევნო პროცესი ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, რომლითაც ჩვენ ქვეყანას შეუძლია იამაყოს, სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან მძიმე, ნეგატიური, პოპულიზმით, ურთიერთბრალდებებით, შეტევებითა და შეურაცხყოფებით აღსავსე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანად საარჩევნო პროცესი ძალიან დაძაბულ გარემოში მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, დროულად დასრულდეს აღნიშნული პროცესი, რადგან მარტივი ასატანი არ არის, რა ფორმებიც მიიღო ამ ყველაფერმა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება.

„რაც შეეხება არჩევნების შედეგებს არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებულ პრობლემას შეიძლება, ელოდეს ქვეყანა. ვფიქრობ, არჩევნები დასრულდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით.  ამის ყველანაირი მოლოდინი გვაქვს და არ მგონია, რაღაც განსაკუთრებული პრობლემა უნდა მივიღოთ ამ ყველაფრით“, – აცხადებს ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, სასურველია, მომავალში საარჩევნო კამპანია წარიმართოს ისე, რომ სტრესი არ განიცადონ მოქალაქეებმა.

„სასურველია, მომავალში მაინც ყველამ ერთად შევძლოთ, საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს მოქალაქეებს და არ ვაყურებინოთ ბინძური კამპანიები“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.