თამარ ჩუგოშვილი - სასამართლოს გაჯანსაღება და რეფორმების განხორციელება სჭირდება
თამარ ჩუგოშვილი - სასამართლოს გაჯანსაღება და რეფორმების განხორციელება სჭირდება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, შემოდგომაზე დღის წესრიგში გარკვეული ინიციატივები დადგება, რომელმაც ნაწილობრივ იმ პრობლემებს მაინც უნდა უპასუხოს, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ანგარიში ჯერ არ უნახავს.

„სასამართლოს რეფორმის კუთხით ბევრი რაღაც რომ არის გასაკეთებელი, ამას დიდი დავა არ სჭირდება. ბევრი საკითხი ჩვენს დღის წესრიგშიც დგას. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი მუშაობს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას ეხება. არის ასევე მოსამართლეების დანიშვნის საკითხი, დისციპლინურები და ამ თვალსაზრისით საბჭოს როლის თემებიც. ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე გარკვეული ინიციატივები უკვე დღის წესრიგში დადგება, რომელმაც ნაწილობრივ იმ პრობლემებს მაინც უნდა უპასუხოს, რაც არის. ჩვენი როლია, რომ კანონმდებლობა გავმართოთ და კანონმდებლობა სწორი იყოს. სასამართლოს გაჯანსაღება და რეფორმების გაგრძელება სჭირდება. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის ალტერნატივა არ არსებობს. რეფორმებს სათავეში თავად პარლამენტის თავმჯდომარე უდგას”, – დასძინა ჩუგოშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.