თამარ ჩუგოშვილი - საქმე ერთ ადამიანსა და პიროვნებაში კი არა, სისტემაშია
თამარ ჩუგოშვილი - საქმე ერთ ადამიანსა და პიროვნებაში კი არა, სისტემაშია

საქმე ერთ ადამიანში და ერთ პიროვნებაში კი არ არის, სისტემაშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა საქართველოზე ლაპარაკობს, ერთსა და იმავეს ამბობს. ანუ, გზავნილი და პოზიცია არის ერთი და იგივე. საქმე ერთ ადამიანში და ერთ პიროვნებაში კი არ არის, სისტემაშია და ზუსტად ამიტომ არის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ასეთი მოცემულობა გვაქვს – ვინც იგებს, ის ხდება მონოპოლისტი და აბსოლუტურად ყველაფერს იგებს. ის იგებს პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს, მარეგულირებელს და აბსოლუტურად ყველაფერს. ჩვენ ასეთი სისტემა გვაქვს, ეს წერია კონსტიტუციაში, რომ ასე უნდა იყოს და ეს არ არის სწორი. ეს ბიძინა ივანიშვილის ბრალი კი არ არის. როცა მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, ამბობდა, რომ ეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერ მივედით აქამდე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აკონტროლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მოვლენებს სცენის მიღმა, რითაც ფორმალურ ლიდერებს უძლურად ტოვებს და მინისტრები მისი სურვილის მიხედვით მოდიან და მიდიან, როგორც ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ორი ყოფილი ელჩი წერს „ნეიშენალ ინთერესთზე“ (National Interest) 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

ჩუგოშვილის თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩს, რომელიც უკვე დანიშნულია და იანვარში ჩამოდის, დახვდება გარემო, როცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან უცნაური განცხადებები გააკეთა თავისი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რადგან კრიტიკული განცხადებები არ მოეწონა.

„ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებთანაც საქართველო და საქართველოს ხელისუფლება მილიონი თხოვნით მიდის. ხან რა თხოვნა აქვთ, ხან რა და როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები, ისინი მუდმივად მზად არიან, ჩვენს სამსახურში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი საქმე ძალიან ბევრი აქვთ, ჩამოდიან, სიტუაციას ეცნობიან, იქიდან თვალ-ყურს გვადევნებენ და ჩვენს თხოვნებს ასრულებენ, მაგრამ როგორც კი იქიდან კრიტიკული განცხადება წამოვიდა, ჩვენი რეაქცია სრულიად არაადეკვატური იყო. აქედან, ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა განცხადებები – თავიანთ საქმეს მიხედონ, არ იციან, ჩვენს სუვერენიტეტში ნუ ერევიანო და ა.შ. ამ ხალხის ლანძღვა უხერხულია. იმიტომ, რომ მილიონჯერ დაგვეხმარნენ, კიდევ მილიონჯერ დაგვჭირდება მათთან დასახმარებლად მისვლა და იმის ნაცვლად, ეს ხალხი ვაკრიტიკოთ, იქნებ, მოვისმინოთ, რეალურად რას გვეუბნებიან და როგორ ვჩანვართ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ტროლების პრობლემა აქვს ყველა პარტიას და ამის გამო ჩვენი სოციალური ველი ძალიან არის დაბინძურებული, მაგრამ როცა ამას ოფიციალურად გეუბნებიან, პასუხად „ფეისბუქის“ დისკრედიტებულ ორგანიზაციად მოხსენიება სასაცილოა.

„ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ველი ვართ ბევრ ქვეყანასთან შედარებით. იმიტომ, რომ ჩვენთან რაც ხდება, სოციალურ სივრცეში მანიპულაციების ამ მასშტაბით და დოზით გამოყენებით, კვლევების მიხედვით ათეულში ვართ და ცუდი სიტუაცია გვაქვს. როცა ამას ოფიციალურად გეუბნებიან, პასუხი ის კი არ უნდა იყოს, „ფეისბუქი“ დისკრედიტებული ორგანიზაციააო. ეს სასაცილოა. ასეთი რაღაცების ლაპარაკი საკუთარ თავს არ უნდა ვაკადროთ. ამის ნაცვლად, კეთილი უნდა ვინებოთ და მაგალითად, შევქმნათ საპარლამენტო კომისია და ჩავიხედოთ, სინამდვილეში რა ხდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.