თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს შესახებ მომხსენებელი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს შესახებ მომხსენებელი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს

საქართველოს შესახებ მომხსენებელი ამბობს, რომ საქართველოში მედიაკონტენტი პოლიტიზებული და ამ კონტექსტში ნახსენებია „რუსთავი 2“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეფასებას ეთანხმება. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მედიაკონტენტი დიდწილად პოლიტიზებულია, თუმცა ეს არ ეხება საზოგადოებრივ მაუწყებლებს, არამედ საუბარია კერძო მედიაზე.

„საქართველოს შესახებ მომხსენებელი მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მედიის თავისუფლების კუთხით. არის მოყვანილი კონკრეტული რეიტინგები, რომლებიც საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით პროგრესს აფასებს. აქვე არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მედიაკონტენტი, მედია შინაარსი არის ძალიან პოლიტიზებული და ამ კონტექსტში არის ნახსენები „რუსთავი 2“.

მე ბუნებრივია, ვეთანხმები ამ შეფასებას და ვფიქრობ, რომ მედიაკონტენტი და ეს არ ეხება საზოგადოებრივ მაუწყებლებს, არამედ უფრო კერძო მედიაზე მაქვს საუბარი, არის დიდწილად პოლიტიზებული, რაც არ ქმნის სწორ და ჯანსაღ გარემოს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ეს ეხება განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდს.

ძალიან ბევრი გვეუბნებოდა ამ დღეების განმავლობაში შეხვედრებზე დღესაც და გუშინაც, საჯაროდაც გაჟღერდა, რომ ასეთი პოლიტიზებული მედია არ უწყობს ხელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას საარჩევნო პროცესში. მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ამოსავალია , ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, მაგრამ ამასთან ერთად პროფესიონალიზმი და მედიაეთიკაც არის ის, რასაც ტელევიზიებმა და მედიასაშუალებებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. ეს მხოლოდ გააჯანსაღებს დემოკრატიულ გარემოს ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.