თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ათწლეულებს ითვლის და დახმარებაც იზრდება
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ათწლეულებს ითვლის და დახმარებაც იზრდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოსმენისას კონგრესმენის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის საკითხი დადგა.

მისი შეფასებით, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ათწლეულებს ითვლის.

„სახელმწიფო მდივნის პასუხი გასაკვირი არ არის, რადგან ამერიკას მხრიდან საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა უკვე ათწლეულებს ითვლის და დახმარებაც იზრდება. დღევანდელი მხარდაჭერაც ამის გამოხატულება და დადასტურება იყო“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

27 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საკითხზე – „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოსმენა გაიმართა. მოსმენისას ოჰაიოს შტატიდან რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ ჩაბომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, როგორ აძლიერებს პრეზიდენტის ბიუჯეტი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების, საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერას. საქართველოს კონტექსტში მაიკ პომპეომ განაცხადა:  „ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია აშშ-ის მიმართ და იზიარებს ჩვენს ხედვას, თუ როგორ ოპერირებს რეგიონი“.