თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარებით ქვეყანა რისკის წინაშე არ დააყენოს
თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარებით ქვეყანა რისკის წინაშე არ დააყენოს

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, მიმდინარე წლის მაისში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თბილისში ჩატარებით ქვეყანა რისკის წინაშე არ დააყენოს.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი მინისტერიალში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რომ არა თბილისში გასული წლის ივნისის მოვლენები და არსებული მწვავე ფონი, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროპის საბჭოს მინისტერიალისთვის ემასპინძლა.

„სხვა სიტუაციაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება საქართველოსთვის იქნებოდა შესაძლებლობა, საქართველოს თემატიკაზე გაგვემახვილებინა ყველა ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ყურადღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ვითარებაში ამას გამოყენება აუცილებლად დასჭირდებოდა, მაგრამ დღეს, სხვა კონტექსტი და ვითარებაა გასული წლის ივნისის მოვლენების გათვალისწინებით, დაძაბული პოლიტიკური ფონით. ამ ფონზე 47 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არის რუსეთიც. თუ ვატარებთ სხდომას, რუსეთის ჩათვლით ყველა უნდა შემოვუშვათ. ამ ყველაფერმა შეიძლება, ისეთი პროცესები გამოიწვიოს, ხელისუფლებამ ვითარებაზე კონტროლი დაკარგოს, რასთანაც ვყოფილვართ ახლოს  და გვინახავს. ასეთ რისკში არ შევიდოდი, სხვა გამოსავალს მოვძებნიდი, რომ ქვეყანა რისკის წინაშე არ დავაყენო. ნაცვლად იმისა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოზე ესაუბრო, რატომ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომ პროცესები შეიძლება, გაგექცეს. ასეთ რისკზე არ წავიდოდი და არ მგონია, ეს გამართლებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.