თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია 
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია 

საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია და პირდაპირ დაკავშირებულია მათ შემოსავლის წყაროსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ინტერესში შედის, რომ ფენები აღდგეს.

„ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ამაზე მეტი ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება. ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მათ შორის, ფრენების შედეგად საქართველოში ჩამოსული ადამიანების მიერ დახარჯული თანხებიდან შემოსავლის სახით ჰქონდეთ შემოსავალი, მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ ის მომენტი, რომელიც ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება.