თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აშშ-ისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა მიმართულებით
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აშშ-ისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა მიმართულებით

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრულიად უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა მიმართულებით – ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის კონგრესში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან და ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილე დევიდ პრაისთან.

„ჩვენ შევხვდით კონგრესის სამ ძალიან მნიშვნელოვან წევრს. სამივე მათგანი ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგად იცნობს, ბევრჯერ არიან საქართველოში ნამყოფი და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჯერი კონოლისთან და დევიდ პრაისთან ​ყოველთვის ძალიან საინტერესოა საუბარი პარლამენტის გაძლიერებაზე, პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებაზე, საარჩევნო თემებზე, საარჩევნო რეფორმებზე და ა.შ., რასაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ მათთან თანამშრომლობით, ამერიკულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ისინი ყოველთვის გვეხმარებიან ამ პროცესში“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილემ, დევიდ პრაისმა შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ საუბარი შეეხო „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“. მისივე თქმით, კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ მიმდინარე წელს ვეწვევით საქართველოს და შევძლებთ, უფრო დეტალურად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს გამოწვევებზე. ვიცით, რომ საქართველოს, ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, აქვს პრობლემები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას უსმენენ საქართველოში, დაცულია კანონის უზენაესობა, მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესებს“, – განაცხადა დევიდ პრაისმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნაში მიმდინარე წარმატებული რეფორმების თაობაზე. მისივე თქმით, საქართველოს აქვს ორ პარტიული მხარდაჭერა.

„როგორც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი, ძალიან მოხარული ვარ ამ შეხვედრის. მე უკვე ორჯერ ვესტუმრე საქართველოს და კვლავაც ჩამოვალ. ჩვენ კარგად გვესმის საქართველოსთან მეგობრობის მნიშვნელობა და ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას. ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ჩვენ პოლიტიკურად დაყოფილები ვართ – დემოკრატებად და რესპუბლიკელებად, თუმცა ასე არ არის. ჩვენ ერთიანი ვართ საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ ასევე კარგად გვესმის ის როლი, რასაც რუსეთი თამაშობს მსოფლიოში და ეს არ არის დადებითი როლი. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, საქართველოს ერთგული მეგობრები ჰყავს, როგორ დემოკრატებში, ასევე რესპუბლიკელებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,  -აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ჯერი კონოლის განცხადებით, საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში.

„შეხვედრაზე მოვისმინეთ ინფორმაცია საქართველოს პროგრესის, დემოკრატიის განვითარების თაობაზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ ასევე სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში თუნდაც ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა სომხეთი, და რომელსაც უნდა წინსვლა და დემოკრატიული განვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, აქ მიმდინარე მოვლენებზე. იმედი გვაქვს, კიდევ ერთხელ ვეწვევით საქართველოს გაზაფხულზე. თუკი ევროპის სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დემოკრატია შეიძლება მყიფეც იყოს და მტკიცეც. თუ არ არსებობს ფუნდამენტალური მზაობა და ნება დემოკრატიისკენ სწრაფვისა, დემოკრატია გაუარესდება. ამიტომ, ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ასე არ მოხდეს საქართველოში. მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პარლამენტში კარგად ესმით. მათ ესმით და პატივს სცემენ ოპოზიციას და პატივს სცემენ არჩევნების შედეგებს, რადგან ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ქვაკუთხედებია – პატივი ვცეთ შედეგებს მაშინაც კი, თუკი ჩვენ ეს არ მოგვწონს. მე ხელახლა წარვადგინე კანონპროექტი, რომ გამომეხატა კონგრესის მხარდაჭერა საქართველოსადმი, ქართველი ხალხისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი გავა ახალ კონგრესში“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.