თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აქვს გამოცდილება, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აქვს გამოცდილება, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს

საქართველოს აქვს გამოცდილება, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და ჩვენი ქვეყანა ხშირად ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარჩევის სივრცე, რაც სხვაგან რთული იქნებოდა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„რთულ რეგიონში ყოფნის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მაინც გამორჩეულ ქვეყნად ყოფნას ახერხებს და „თბილისის ფორუმი“ არის შეთავაზება, რომ საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების თემებზე, არამედ სხვა საკითხებზე საუბრის ცენტრადაც ვაქციოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გუნდში იყო მსჯელობა იმ გზავნილებზე, რომლებიც პრემიერმა მაღალი ტრიბუნიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გააჟღერა.

ამ განცხადებებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იყო თუ არა „თბილისის ფორუმთან“ დაკავშირებით პრემიერის გზავნილი გუნდთან შეთანხმებული და მაშინ, როცა რეგიონში გვყავს რუსეთი, სწრაფი ნაბიჯებით ავტორიტარიზმისკენ მიმავალი თურქეთი, აზერბაიჯანი იმ მოცემულობით, როგორიც არის და სომხეთი, რამდენად რეალურად ჟღერს პრემიერის განცხადება, რომ შავი ზღვის რეგიონში და კავკასიაში საქართველო ჩამოყალიბდეს მშვიდობის სივრცედ, სადაც კონფრონტაციული საკითხები განიხილება და ამაზე შეთანხმებაც მოხდება.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, დაგეგმილია თუ არა უკვე რამე რეალური ღონისძიება, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ამაზე, უფრო დეტალურად, თავად პრემიერი ისაუბრებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა. მამუკა ბახტაძე გაერო-ს ტრიბუნიდან „თბილისის ფორუმის“ ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.