თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან ორპარტიული მხარდაჭერა ყოველთვის აქვს
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან ორპარტიული მხარდაჭერა ყოველთვის აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან ორპარტიული მხარდაჭერა ყოველთვის აქვს.

მისი თქმით, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის რუსეთის ქმედება“.

„აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად მოხდა, რომ ამერიკამ მიიღო მნიშვნელოვანი პრინციპი, არ დაეხმარება და ფინანსურად მხარს არ დაუჭერს არც ერთ ქვეყანას, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან კარგია, რომ გრძელდება ეს ტენდენცია და ამერიკის კონგრესი წელსაც ამაზე აკეთებს აქცენტს. წელს ვნახეთ, რომ გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომელიც სირიას უკავშირდება. ძალიან ნათლად არის რეზოლუციაში ნათქვამი, რომ სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის რუსეთის ქმედება, რუსეთის მიერ განხორციელებული ნაბიჯი და დაგმობილია ამ რეზოლუციაში სირიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი. ჩვენი ქვეყნისთვის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, რომ რუსეთს ერთი ერთზე, მარტო დავუპირისპირდეთ. ამერიკის მხარდაჭერა გვეხმარება, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იყოს მოცემულობა აღიარებული მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, გარდა ამ რამდენიმე გამონაკლისისა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს.