თამარ ჩუგოშვილი - საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტი ძალიან წარმატებით გამოიყენა
თამარ ჩუგოშვილი - საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტი ძალიან წარმატებით გამოიყენა

საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტი ძალიან წარმატებით გამოიყენა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ყველა ცალსახად და ულაპარაკოდ აღიარებს, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ცალსახა ლიდერია, რომელმაც ყველაზე უკეთ მოახერხა შესაძლებლობების გამოყენება. მათ შორის, ძალიან სწრაფად და კარგად მივდივართ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით კუთხით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის შექმნიდან ათი წლისთავზე, რამდენად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ საქართველო შესაძლოა, ამ პროექტის არსებობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი იყოს, რა გამოწვევები იყო ამ ათი წლის განმავლობაში და რა ტიპის სტრატეგიით უნდა მიუდგეს საქართველო ამ პროცესს, რომ ქვეყანამ სარგებელი ნახოს. 

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველომ ცოტა ხნის წინ იცოდა, რომ ძალიან კონკრეტული შედეგი უნდა მიეღო, უვიზო მიმოსვლა, რაც მივიღეთ და ახლა უნდა გაჩნდეს ე.წ ახალი, ძალიან ნათელი საზომები, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები.

„ბუნებრივია, საქართველომაც თავისი სარგებლიანობა უნდა დაანახოს ევროკავშირს, რადგან ევროკავშირსაც უნდა უღირდეს, ამხელა რესურსი ჩადოს და ახალი ქვეყანა დაიმატოს-დაიახლოვოს. იმიტომ, რომ საქართველო ვართ და მოდით ახლა მოგვხედეთ, ეს ასე არ იქნება. მათ ჩვენ უნდა გავუჩინოთ ინტერესი, რომ მათთვის ღირებული პარტნიორი ვართ და შესაბამისად, ჩადონ ენერგიაც და რესურსიც საქართველოს განვითარებაში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ჯერ საქართველო ამას ძალიან კარგად ახერხებს, რადგან ევროკავშირი ძალიან აქტიურად გველაპარაკება ე.წ საგზაო რუკაზე, რომელიც განვითარების შემდეგ ეტაპებს გულისხმობს. მათ შორის, საქართველოს ევროკავშირთან სხვადასხვა კუთხით დაახლოებას.